logo
ENG

03 ნოემბერი, 2020 | 19:54
სასამართლომ მელიას გირაო გაუზარდა, პასპორტი არ დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯური მოუხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და გირაოს ოდენობა 30 ათასიდან 70 ათას ლარამდე გაუზარდა. გარდა ამისა, შეუზღუდა საზღვრის კვეთის უფლება პროკურორის თანხმობის გარეშე.

ამასთან, დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და გაუუქმა სხვა დამატებითი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. 

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საბაბი პირველ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნაა.

"რომ გედავება ივანიშვილი, რატომ არ გიკეთია ელექტრონული სამაჯური მაჯაზე და ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული. მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ, ვინაიდან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. 

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ის იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში", - თქვა ნიკა მელიამ მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ. 

ნიკა მელიას მიერ აქციაზე ელექტრონული სამაჯურის მოხსნას გამოეხმაურა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მელიას დაკავება "პოლიტიკურად არასწორი" იქნება.

კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მელია სამართლებრივი ზომების გარეშე უნდა დაამარცხოს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ "ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე" გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა