logo
ENG

25 ნოემბერი, 2020 | 13:44
სატრანსპორტო კომპანია: ინფიცირებულია 20-მდე მემანქანე, მეტროს მუშაობა არ შეფერხდება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 250 მემანქანიდან ინფიცირებულია 20-მდე ადამიანი. როგორც კომპანიაში ფორმულას განუცხადეს, მეტროს მუშაობას შეფერხება არ ემუქრება. 

"სულ 250 მემანქანეა. აქედან 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული და ისინი მკურნალობენ. მეტროს მუშაობას შეფერხება არ ემუქრება. გარდა ამისა, არის რეზერვიც და საჭიროების შემთხვევაში, ისინი იმუშავებენ. მეტრო სრული დატვირთვით მოემსახურება მგზავრებს", - აღნიშნეს კომპანიაში.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი არ  დათანხმდებიან ერთობა 2013-ის შემოთავაზებას, რადგან ეს გამოიწვევს მგზავრთა ინფიცირების რისკების ზრდას.

"არ ვეთანხმებით მათ განცხადებას. მათი შემოთავაზება იყო მგზავრთა მომსახურების დროის შემცირება და კომპანია ამაზე ვერ წავიდოდა. მსგავსი ტიპის რეკომენდაციას გასცემენ საკოორდინაციო საბჭო და დარგის სპეციალისტები. ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვასრულებთ და ჩვენი ამოსავალი წერტილია მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება. ერთობა 2013-ის გრაფიკი მეტი მგზავრების თავმოყრას გამოიწვევდა, როგორც ბაქანზე, ასევე მეტროს შემოსასვლელებში", - მიაჩნიათ კომპანიაში.

ცნობისთვის, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე.

"ახლა არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - აცხადებენ ერთობა 2013-ში.

პროფესიული კავშირი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს. 

პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათ სატრანსპორტო კომპანიას შესთავაზეს მემანქანეების რესურსის განაწილება - 10 დღე ერთი ჯგუფის მუშაობას, ხოლო 10 დღე მეორე ჯგუფის. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიამ შეთავაზება უარყო.

ერთობა 2013-ში მკაცრი შეზღუდვების შემოღებას ითხოვენ, მათ შორის გარკვეული დროით  მეტროს გაჩერებასაც, რათა ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა