logo
ENG

01 დეკემბერი, 2020 | 14:02
ურუშაძე: რემდესივირის შეძენა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის მაგალითია

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ რემდესივირის შეძენა საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის მაგალითია.

როგორც ურუშაძემ გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, კვლევებმა დაადასტურა, რომ რემდესივირი სიკვდილიანობას ვერ ამცირებს და ამასთან ერთად, ვერც მძიმე პაციენტების სამკურნალოდ არის ეფექტური.

"მეორე პრობლემა ისაა, რომ ეს არის ძვირი პრეპარატი და ეს არის მაგალითი ჩვენი საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის. შეგვიძლია, როგორც ადრე ვაკეთებდით საბჭოთა პერიოდში, გვყავდეს მთავარი ინფექციონისტი, მთავარი ექიმები და მათი აზრი იყოს წამყვანი, ან შეგვიძლია, დავუჯეროთ პროფესიონალებს, კვლევის შედეგებს, ცოდნაზე დამყარებულ გამოცდილებას და გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელსაც დასავლეთის სხვა ქვეყნები დგამენ. ნუ დავემსგავსებით ქვეყნებს, სადაც ერთი ადამიანის ახირებით წყდება საბიუჯეტო ხარჯების განკარგვა“, - განაცხადა ურუშაძემ.

ცნობისთვის, პრეპარატს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრი 104 ათას დოლარად შეიძენს. პირველ დეკემბერს თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თქვა, რომ რემდესივირი საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში შემოვა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერს ექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ. მათი თქმით, პრეპარატი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. 

რემდესივირი ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა