logo
ENG

ლაშა ჩხარტიშვილი ივანიშვილზე: მას შეუძლია დაკავებებით შეაშინოს საკუთარი მონები

07 დეკ 201912:45
3 წუთის საკითხავი
clock 449
fhp3ii9fdwp7guk.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი თავისუფალია. რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი დღეს გაათავისუფლეს. ჩხარტიშვილს ადგილზე პარტიის ლიდერები და აქტივისტები აქცია- პერფორმანსით დახვდნენ. ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს ადმინისტრაციული მუხლით ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს.

ჩხარტიშვილის თქმით, სასამართლომ მას არც ადვოკატის აყვანისა და არც გასაჩივრების უფლება მისცა.

„ეს არის ივანიშვილის ოცნება, ოცნება ერთპარტიულ ერთპიროვნულ დიქტატურაზე, ასეთი ოცნებები ჰქონიათ სხვებსაც, თუმცა ის, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა პოლიტიკურ დაკავებებთან მიმართებით, არ გაუკეთებია არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს, მან ადვოკატისა და გასაჩივრების უფლების გარეშე დაიწყო დაკავებები, მათ შორის ჩემი დაკავებაც, მინდა ვუთხრა ამ ლობიოს დიქტატურას, რომ ეს, ბუნებრივია, ვერავის შეაშინებს, მას შეუძლია დაკავებებით შეაშინოს თალაკვაძე, წულუკიანი, კობახიძე და სხვა საკუთარი მონები და ბუნებრივია, ბრძოლას გავაგრძელებ გაორმაგებული ძალებით“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

თანაპარტიელის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა. მისი თქმით, ჩხარტიშვილს დაკავების ფაქტი ვერ შეაჩერებს თავისუფლებისთვის ბრძოლას. მისივე თქმით, ხელისუფლების უზურპატორები ბევრად უფრო დიდი ხნით მიეცემიან პასუხისგებაში.

„ლაშას მიმართ განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ლობიოს საქმე, ნათლად აჩვენა რამდენად გახრწნილია, უკანონოა არსებული რეჟიმი, ივანიშვილის დიქტატურა. რეალურად არა მხოლოდ ლობიოს აყრაზე დაიჭირეს კაცი, მას წაართვეს ადვოკატის აყვანის უფლება, გასაჩივრების უფლება, და უკანონოდ ამყოფეს საპატიმროში რვა დღე, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს თავისუფლებისთვის ბრძოლას, დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას და ხელისუფლების უზურპატორებს აუცილებლად დაუდგებათ დაისი და ისინი მიეცემიან პასუხისგებაში ბევრად უფრო დიდი ხნით, ვიდრე ლაშას მოუწია უკანონოდ საპატიმროში ყოფნა“, - განაცხადა გუგავამ.


close დახურვა