ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერმინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროკავშირიდან ფორმულას წყაროსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებს შორის კონსულტაციცებს იწყებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხოს გაერთიანებამ რუსული კანონის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებას.
საქართველომ არ უნდა გარისკოს საკუთარი ევროპული მომავალი რომელიმე აქტორის მოკლევადიანი პოლიტიკური მიღწევებისთვის - წყაროს თანახმად, სწორედ ეს იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი გზავნილი ირაკლი კობახიძის მიმართ.
წყაროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერს მოუწოდა, იმუშაოს სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მასთან საუბარი ირაკლი კობახიძემდე გამართა. წყაროს ინფორმაციით, შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ჩართულობისა და ძალისხმევისთვის.
წყაროს თანახმად, პრეზიდენტთან და პრემიერთან შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ გაგებით, რომ ქვეყანა მიაღწევდა პროგრესს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ასევე, ზურაბიშვილთან და კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ დათქმებს შორის არის ადამიანის უფლებების დაცვა და მესამე სექტორის და მედიის თავისუფალი მუშაობა.
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილთან და კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომ "საგარეო გავლენის შესახებ კანონი" არ შეესაბამება გაერთიანების ნორმებს და ღირებულებებს.
წყაროს თანახმად, შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია მისი მომავალი, ხოლო "გაბედულ პოლიტიკურ ლიდერშიფს" შეუძლია, ხელი შეუწყოს მას.
სატელეფონო საუბრების შემდეგ შარლ მიშელმა X-ზე დაწერა, რომ მხარს უჭერს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას.
შარლ მიშელი ერთ-ერთია იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომელიც რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებს.
14 მაისს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო. პრეზიდენტი კანონისთვის ვეტოს დადებას აპირებს.