logo
ENG



კალაძე ევროპელ მინისტრებზე: ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა და გაყრიდა პანღურით

17 მაი 202416:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/17/sn3g3zdpi200ag2.jpg

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე "სამარცხვინო ფაქტს" უწოდებს ევროპელი პოლიტიკოსების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას.

კალაძე მათ არაკორექტულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე მისულ მინისტრებს "პანღურით გაყრიდნენ".

"ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი. კარგი ლუსტრაცია მოხდა ეს არის კიდევ ერთი დამდასტურებელი ფაქტი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან.

ამის დამდასტურებელი იყო ის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კიდევ პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსულები. როგორ წარმოგიდგენიათ განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის შეურაცხყოფა და ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან"- თქვა კალაძემ.

15 მაისს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს.

მანამდე,  14 მაისს აქციაზე გერმანიის ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მივიდნენ.


close დახურვა