logo
ENG



საია: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციის მიმართ ნდობას

22 მაი 202413:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/4paz1ap6xf75f5x.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.

საიას შეფასებით, საკანონმდებლო გაუარესების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით - ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას.

"ამ საკანონმდებლო გაუარესებების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით - არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ქართული ოცნების წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. წარმოდგენილი ცვლილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში de facto გამორიცხავს ოპოზიციის ჩართულობას და მეტად ამძაფრებს ეჭვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის არაკეთილსინდისიერ გავლენებთან დაკავშირებით. ცვლილება კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები; კენჭისყრის პროცედურები; არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები. დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, რომ “საარჩევნო კანონმდებლობის ფართო, სისტემური გადახედვა განხორციელდეს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, ინკლუზიური კონსულტაციების პროცესზე დაყრდნობით“ და არა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციის და საპროტესტო გამოსვლების ფონზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდში - არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება.

ამასთან, რეგისტრირებული ცვლილებით უქმდება ცესკო-ში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა და გადაწყვეტილების მიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.


close დახურვა