logo
ENG



ლიეტუვის სეიმი EU-ს ინსტიტუტებს მიმართავს, რუსულ კანონზე საპასუხო ზომები განიხილონ

22 მაი 202416:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/nuawekaea83o1ne.jpg

ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსული კანონის მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 21 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს კანონი, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვისკენ, რუსეთის ფედერაციის კანონს არსებითად უტოლდება და შეუსაბამოა ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან.

ლიეტუვის სეიმი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს მიღებული კანონი. გარდა ამისა, მიმართავს ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა, თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის განხორციელებას და გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

"[სეიმი] წუხს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ქვეყნის გაცხადებულ მიზნებს და შესაძლოა, სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიისთვის", - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

სეიმი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, ამასთან გმობს ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ, ასევე ცილისწამების, დაშინების და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებულ კამპანიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ:

"მმართველ უმრავლესობას დემოკრატიული საზოგადოების პრინციპების დამრღვევ და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებთან შეუსაბამო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს".

როგორც ამ რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა რაიმუნდას ლოპატამ სეიმის სხდომაზე განაცხადა, საქართველო დაყოფილია, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ევროპისგან დაშორება სულ უფრო და უფრო აშკარად ხდება. 


close დახურვა