logo
ENG



RFE/RL: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელსაც პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია

22 მაი 202413:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/22/7ns3ju8uskpjkwv.jpg

რადიო თავისუფლება ვაშინგტონიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია".

გამოცემას წყარო უყვება, რომ "ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის ქართული ოცნების ნარატივს, რომ თითქოს ის "უცხოური აგენტების" კანონპროექტით ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს".

რადიო თავისუფლებას წყარო ეუბნება, რომ ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტზე MEGOBARI Act-ზე კონგრესში მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რადგან ექსპერტები ელოდნენ, რომ ქართული ოცნება შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.

წყარო ამბობს, რომ MEGOBARI Act-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, წყარო ამბობს, რომ MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში, საკითხზე გადაწყვეტილება, მათ შორის სანქციებზე, ასევე რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხზე, შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.

სანქციებთან დაკავშირებით წყარო ამბობს, რომ აშშ-ის შესაძლო სანქციები ცალკეულ ადამიანებს და მათ მიერ კონტროლირებად კომპანიებს აუკრძალავს აშშ-ის მოქალაქეებთან საქმის დაჭერას. ასევე, აუკრძალავს ამ ადამიანებსა და მათ კომპანიებს აწარმოონ ფინანსური ოპერაციები ამერიკულ დოლარში.

წყარო ამბობს, რომ სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.

***

POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის. 

კანონპროექტის თანახმად ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი ხელისუფლება [ქართული ოცნება] მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას შეაჩერებს.

მანამდე, POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, თუ ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მა საქართველოში. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, შესაძლოა სანქციები დაემუქროთ, კონკრეტულად კი აქტივები გაეყინოთ და მოგზაურობა აეკრძალოთ. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს. 


close დახურვა