logo
ENG



ვის შეიძლება დაუწესოს სანქციები აშშ-მა საქართველოში - POLITICO-მ კანონპროექტის ვერსია მოიპოვა

20 მაი 202412:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/20/jo6okor6i8tfal2.jpg

POLITICO-მა მოიპოვა კანონპროექტის ვერსია, რომლის წარდგენასაც აშშ-ის კონგრესში კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აპირებს და რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. უილსონი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ლიდერია.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტით, სანქციები პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, სამართალდამცავ ორგანოებზეც გავრცელდება. 

გამოცემის თანახმად, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება რუსეთთან შეთანხმების პოლიტიკას ეწევა.

POLITICO წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის წინ წაწევაზე, შესაძლოა სანქციები დაემუქროთ, კონკრეტულად კი აქტივები გაეყინოთ და მოგზაურობა აეკრძალოთ. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესს უნდა წარედგინოს. 

როგორც გამოცემა მიუთითებს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ოფიციალური პირები ღიად ესხმიან თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას და ამავდროულად ზრდიან კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან. 

POLITICO-ს ცნობით, დოკუმენტის პირობები ამერიკელ მაღალჩინოსნებს ავალდებულებს, კონგრესს საქართველოში "არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციების შესახებ", ასევე, რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების თაობაზე აცნობოს. 

გამოცემა წერს, რომ სანქციები გათვალისწინებული იქნება მთავრობის წარმომადგენლებისა და იმ პირთა მიმართ, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების შელახვაზე აკისრიათ პასუხისმგებლობა. 

"ის აწესებს სავიზო აკრძალვას იმ პოლიტიკოსებზე, ასევე, მათ ოჯახებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსული ტიპის უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წინააღმდეგაა მიმართული". 

გარდა ამისა, POLITICO აღნიშნავს, რომ სანქციები გავრცელდება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებზე. გამოცემა წერს, რომ დემონსტრაციებზე გამოსული ათიათასობით ადამიანის წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, სცემეს და დააკავეს აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

ამასთან, სტატიაში საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტზე და მის გაფრთხილებაზე კანონის მიღების შემთხვევაში შეზღუდვების დაწესების თაობაზე. სტატიაში ვხვდებით თეთრი სახლის პრესსმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ თუ ეს კანონი ძალაში შევა აშშ იძულებული იქნება, საქართველოსთან ურთიერთობა ფუნდამენტურად გადააფასოს. 

"ეს იდეა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენს ურთიერთობასა და ვალდებულებებს ქართველი ხალხთან და რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ", - განუცხადა გამოცემას წყარომ კანონპროექტთან დაკავშირებით. 

გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები საქართველოს მზარდ ანტიდასავლურ პოზიციაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ - ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც თავისი უზარმაზარი ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ "გლობალური ომის პარტია" პასუხისმგებელია კონფლიქტების შექმნაზე მთელ მსოფლიოში და ქვეყნების ომში ჩათრევაზე მოსკოვთან.

***

გუშინ, 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ კონკრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს.

 

close დახურვა