logo
ENG

ყველა თანამებრძოლთან გავმართავ კონსულტაციებს - მერაბიშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას შეუერთდება

20 თებ 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მედიასთან პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. 

მერაბიშვილის თქმით, ის პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაერთიანებულ ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების ასეთი ერთიანობა მისასალმებელია. 

"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის, გარეთ გამოვა.

ჩემს წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან კიდევ 10-მდე საქმე, მაგრამ ეს მე ვერ გამტეხავს. ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი გაეცემა. ქვეყანა წავა წინ. აქტიურად პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. კონკრეტულად რომელ პარტიასთან ვიზამ ამას, რა თქმა უნდა ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიასთან ერთად ამას აუცილებლად გაგაგებინებთ. ძალიან მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მჯერა, რომ ამ ერთიანობით დავამარცხებთ რეჟიმს. იცით, რომ კონკრეტულ განცხადებებს პარტიებთან დაკავშირებით ვერ ვაკეთებდი. ახლაც ვერ გავაკეთებ განცხადებას. 5 წუთში, რაც გამოვედი საპატიმროდან არაფერი შეცვლილა. ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ჩემდა სამწუხაროდ დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან. რა თქმა უნდა ყველა მათგანს შევხვდები. მათ აზრს გავეცნობი და თუ საჭირო გახდება მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დასკვნის საფუძველზე გავაკეთებ. მჭირდება დრო და ჟურნალისტებს გაძლევთ გარანტიას, რომ როგორც კი ჩამოვყალიბდები, გაგაგებინებთ აუცილებლად", - განაცხადა მერაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

 

 

 


close დახურვა