logo
ENG



"ანტიდასავლური პროპაგანდა, EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი" - ALDE-ს რეზოლუცია

28 მაი 202314:41
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის ცნობით, ლიბერალურ-დემოკრატიულმა ალიანსმა (ALDE) საქართველოს EU-სა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. ALDE ქართული ოცნების ხელისუფლებას ფრენების აღდგენის საკითხზე აკრიტიკებს და მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებული დასავლური სანქციების შესაბამისად იმოქმედონ. 

ALDE-ს რეზოლუციაში საუბარია ოცნების ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის კამპანიაზე, ასევე, NATO-ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მდელობებსა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე. ALDE მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ქართულ ოცნებას:

  • მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებთან და იყვნენ ყურადღებით ამ სანქციების გვერდის ავლის პოტენციური მცდელობის წინააღმდეგ;
  • შეწყვიტოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი რეკომენდაციის შეუსრულებლობით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით;
  • შეწყვიტოს რუსეთის მთავრობასთან ფლირტი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავების გზით;
  • შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანიები;
  • შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი.

ამასთან, ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი ახალ რეზოლუციაში გამოთქვამს წუხილს მთავრობის გადაწყვეტილებისადმი, განეახლებინათ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით; საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებისადმი, განახორციელოს ყოველდღიური ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის; საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებებისადმი, რომლითაც დასავლეთსა და ევროკავშირის საქართველოს ომში "ჩათრევის" სურვილში ადანაშაულებენ. ალიანსში აღნიშნავენ, რომ ამ განცხადებებით ისინი ძირს უთხრიან ევროკავშირის იმიჯს და ავრცელებენ ისეთ დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსულ მთავრობას შეეფერება. 

რეზოლუციაში შეშფოთება გამოხატულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების საქართველოში შემოშვებისა და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქართველოს მთავრობის პოზიციის მიმართაც.

პარალელურად, ALDE კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს.


close დახურვა