logo
ENG



"აქვს ჰაერზე ყოფნის უფლება, მიეწოდება წამლები და საკვები" - ბრეგაძემ სააკაშვილზე ისაუბრა

02 მაი 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება არ ეწევა.

ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, ასევე, აქვს ციხის მაღაზიაზე წვდომა და ამანათების მიღების შესაძლებლობა.

"სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი სახის კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, რომ მიიღოს ამანათები და ის ამას რეგულარული ხასიათით ღებულობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა იგი რჩება მშიერი, არის აბსოლუტურად ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ", - თქვა ბრეგაძემ.

მისი განცხადებით, "ბოლო პერიოდში" სააკაშვილს 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა.

"ამ პერიოდში ჰყავდა დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ არავის ვემალებით და მის მდგომარეობას არავის ვუმალავთ. მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის, ასევე, აქვს სეირნობის უფლება, რასაც ის, მისი განცხადებით, არ იყენებს. ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტებს.

"მას აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამას არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, მას მიეწოდება სრულად ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს, თუმცა სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს. მას მიწოდებული აქვს და მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს", - ისაუბრა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, სააკაშვილს საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ ეწევა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ოჯახმა მთავრობას ვადა ორშაბათის 6 საათამდე მისცა.


close დახურვა