logo
ENG



"აღმაშფოთებელი რეაქცია იყო"-ბოკერია ტაძრის კარის აჭედვის შესახებ ჯაღმაიძის კომენტარზე

26 ოქტ 202319:07
3 წუთის საკითხავი
 
"აღმაშფოთებელი რეაქცია იყო"-ბოკერია ტაძრის კარის აჭედვის შესახებ ჯაღმაიძის კომენტარზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ ტაძრის კარის აჭედვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრია ჯაღმაიძის რეაქცია "აღმაშფოთებელია".

დღეს ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ის Live-ში რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარის აჭედვას გამოეხმაურა, ამის "მიზეზზე" ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც პერიოდის წინ იქ შესაძლებელი იყო გადასვლა, თუმცა, "ვიღაცამ ააფრიალა იქ ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს მკაცრი ზომები მიეღოთ".

"განსაკუთრებულად აღმაშფოთებელი რეაქცია მოვისმინეთ სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოსგან. მისმა სპიკერმა ამ ამის კომენტირებისას პროაქტიულად პრაქტიკულად, დაადანაშაულა ქართული მხარე ამ ამბავში. მან თქვა, რომ სოფელ კირბალში აღიმართა ქართული დროშა და საქართველოს დროშის აღმართვას საქართველოს ტერიტორიაზე მოყვა ჩვენი მტრის მიერ ეკლესიის აჭედვაო. ამ ამბავში მან გაამტყუნა ის, ვინც საქართველოს დროშა აღმართა.

მისი განცხადება იყო იმაზე, როგორი უპასუხისმგებლო იყო და როგორ გახდა ეს საფუძველი ეკლესიის აჭედვისა. დღეს საქართველოს საპატრიარქოს სპიკერს პროვოკაციად და გაუმართლებლად და დასაგმობ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს დროშის აღმართვა იმიტომ, რომ მერე მტერმა აჭედა ეკლესია. ერთი ერთშია ეს ხალხი ჩვენი მტრის პროპაგანდასთან და ჩვენი ხელისუფლების პროპაგანდასთან, რომელიც ამაზე კაპიტალიზაციას ცდილობს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ამ მავნებლური მოღალატეობრივი ლოგიკით, თუ პროვოკაციაა საქართველოს დროშის აღმართვა და ეს რამენაირად თუ მაინც ამართლებს მტრის საქციელს ან მტრის საქციელს თუ არ ამართლებს და რამენაირად მაინც გასამტყუნებელია, მაშინ პროვოკაციაა საქართველოს სახელმწიფოს არსებობაც როგორც ასეთი"- თქვა ბოკერიამ.

28 აგვისტოს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

მომხდართან დაკავშირებით ფორმულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისინი კომენტარს არ აკეთებენ. 

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისის ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ - 2018 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი
ეკლესიაში სალოცავად გადასულ პირებს "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდა.

 


close დახურვა