logo
ENG



"გადაიყვანეთ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში" - ექიმების მიმართვა

14 ნოე 202112:30
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური სამსახური

ექიმები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 

ისინი დახმარებისთვის დასავლეთს - საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას მიმართავენ და სთხოვენ, გაუგზავნონ საქართველოს მთავრობას მძიმე და მკაფიო გზავნილი, რომ უზრუნველყონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. 

ექიმებმა პეტიციაც გაავრცელეს და კოლეგებს შემოერთებას სთხოვენ. 

მის ტექსტში ნათქვამია: 

"ჩვენ, საქართველოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ვითხოვთ თქვენს დაუყოვნებლივ მხარდაჭერას. პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დიდი სისწრაფით მძიმდება, რაც ჩვენი ერის მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად, სასიკვდილო საფრთხეს უქმნის საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას.

ამა წლის 1-ლი ოქტომბრიდან, პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე იმყოფება ქართულ ციხეში. სამართლიანი სასამართლოს არ არსებობის პირობებში, პირველივე დღიდანვე მან მიმართა შიმშილობას.

შოკისმომგვრელია, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმები, ციხის ადმინისტრაცია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორკესტრირებულად მოქმედებენ სააკაშვილის ფიზიკური და პოლიტიკური ლიკვიდაციისთვის, იმ მეთოდებით, როგორც კრემლი უსწორდება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. პრეზიდენტი სააკაშვილი არის მუდმივი თვალთვალის და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ, უქყვეტი მცდელობებით, მოახდინონ მისი შიმშილობის დისკრედიტაცია.

9 ნოემბერს, Amnesty International-მა სააკაშვილისადმი მოპყრობა აღწერა, როგორც შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება.

სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, როგორც კრიტიკული და მოითხოვს გადაუდებელი დახმარების სრულფასოვნად გაწევისთვის ადეკვატურ სამედიცინო გარემოს.

8 ნოემბერს ის იძულებით გადაიყვანეს დაბალი უსაფრთხოების ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, მკურნალობის ნაცვლად.

ჩვენ, ქართველი პროფესიონალები, ვისაც თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო მიგვაჩნია ჩვენი პლანეტის იმედისა და თავისუფლების მაგალითად, ვინც ვამაყობთ მისი ფასეულობებითა და პრინციპებით, მოგიწოდებთ, გაუგზავნოთ საქართველოს მთავრობას მძიმე და მკაფიო გზავნილი, რომ უზრუნველყონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დააჩქარებს მომავალში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების, თავისუფლების პრინციპების და დემოკრატიის ერთგულებას.

ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა უარს არ იტყვის საკუთარ იდეალებზე და არ მიატოვებს საკუთარ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენთვის, პროფესიონალი ექიმებისთვის, ადამიანის სიცოცხლე და ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პოზიცია თუ დაპირისპირება. დიდი იმედი გვაქვს თქვენი უსწრაფესი ჩარევისა მიხეილს სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხში და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაში. მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი მასალები, თუ საჭიროება ამას მოითხოვს". - აცხადებენ ექიმები. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 45-ე დღეა. 

მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა - ექიმმა გუშინ, 13 ნოემბერს თქვა, რომ ექსპრეზიდენტს სიარულიც არ შეუძლია. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ის სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის. 

10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამათლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. 

თუმცა, მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, ჯერჯერობით, უარს ამბობს. 

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა. 

რატი ბრეგაძე არ ითვალისწინებს შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის სირთულეებს. 


close დახურვა