სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს, ციხიდან ხელისუფლების "ძალადობრივ დამხობას" გეგმავს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით.
"სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.
აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს", - ამტკიცებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყებაში აცხადებენ, რომ პრევენციისთვის ყველა ზომას მიიღებენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს და სახელმწიფოს დამხობის მუხლით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო.
29 ოქტომბერს უწყებამ განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, "გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა".