ოპოზიციური პარტიები თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მოუწოდებენ, კვირას, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საპროტესტო აქციაზე ბევრი მოქალაქე მივიდეს, რათა ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ "არჩევნების გაყალბება არ შერჩება".
"კვირას პარლამენტთან უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე თვალნათლივ დაინახოს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება, ხმების ქურდობა, არასდროს არავის შერჩენია და ვერც მას შერჩება. ივანიშვილმაც და მისმა მონებმაც უნდა იცოდნენ, რომ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ შედგება. ეს არ გამოხატავს ხალხის ნებას, ამიტომ მე მივიღებ ყველა ასეთ აქციაში მონაწილეობას, ბოლომდე ვიბრძოლებ რომ საქართველოში არ გაქრეს დემოკრატია, არ გაქრეს არჩევნებით რაღაცის შეცვლის პერსპექტივა", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მსვლელობის მონაწილეები მოქალაქეებს ფლაერებს ურიგებენ, სადაც წერია: "გაყალბებულია! კვირას 3 საათზე პარლამენტთან!".
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებით.
ISFED, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.
საია-ს წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებში 307 საჩივარი წარადგინეს. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. ორგანიზაცია 117 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ, 3 ნოემბერს, მემორანდუმიც გააფორმეს, რომლითაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა კვირას 8 ნოემბერს 15:00 საათზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსეს.