logo
ENG



"დაე, სიცოცხლემ სიკვდილთან ბრძოლაში ყოველდღე გაიმარჯვოს" - ზელენსკის სააღდგომო მიმართვა

24 აპრ 202213:31
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სააღდგომო ვიდეომიმრთვა გაავრცელა

ზელენსკის მიმართვა სრულად: 

დიდებული უკრაინის დიადო ხალხო!

დღეს დიდი დღესასწაულია და მე დიდებულ ადგილას ვარ.  წმინდა სოფიას დიდებულ ტაძარში. ტაძარში, რომელიც 1 000 წლის წინ შეიქმნა, იმ წმინდა ბრძოლის ველზე, სადაც კიევის რუს-უკრაინელთა არმიამ დაამარცხა პაჭანიკები [მომთაბარეები]. ვარ ტაძარში, რომელმაც გაუძლო ურდოს შემოჭრას, ნაცისტურ ოკუპაციას, რომელიც იდგა ყველაფრის მიუხედავად!

დღეს ჩვენ ყველას უკრაინის ახალი გამარჯვების გვწამს. და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვერანაირი ურდო ან მტერი ვერ გაგვანადგურებს.

ჩვენ ბნელ დროში ვართ და ამ ნათელ დღეს, ჩვენს უმეტესობას ნათელ ფერებში არ აცვია. თუმცა ჩვენ ვიბრძვით ნათელი იდეისთვის, ნათელ მხარეს და სიმართლე, ხალხი, ღმერთი და წმინდა ზეციური ნათელი ჩვენს მხარესაა. ადამიანთა მოდგმის წმინდა მფარველი - ორანტა [ღვთისმშობელი], ის ჩემს ზემოთაა, ის ყველას დაგვყურებს.

ქრისტიანული ეკლესიის ურყევი სვეტი, გაუტეხელი კედელი მთავარი ციხესიმაგრისა - კიევი, სახელმწიფოს ურღვევი კედელი. მანამ, სანამ ორანტა არსებობს, არის სოფიაც და მასთან ერთად დგას კიევიც და მათთან ერთად დგას მთელი უკრაინა!

ორანტას გამოსახულების ზემოთ არის სიტყვები ფსალმუნებიდან:

„ღმერთი მის [ღმერთის ქალაქის] შუაგულშია. არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე". ამ დიდებულ დღეს, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ჩვენი გარიჟრაჟი ახლოსაა.

ორანტა ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ის, ვინც ლოცულობს“. ბოლო 2 თვეა ჩვენ ყველა ვლოცულობთ. და ქრისტეს აღდგომისას, რომელიც სიკვდილზე სიცოცხლის დიდი გამარჯვების სიმბოლოა, თითოეული ჩვენგანი ღმერთს ერთ რამეს სთხოვს და ზეცისადმი ერთნაირ სიტყვებს აღავლენს. დიდებული, ერთიანი ლოცვის სიტყვებს.

დიდებულო და ერთადერთო ღმერთო, გადაარჩინე ჩვენი უკრაინა!

დაიცავი ისინი, ვინც ჩვენ გვიცავენ! ზეცაო, დაიცავი ისინი, ვინც ეროვნულ მიწას იცავენ. გააძლიერე ნება მათი ვინც ტყვეობიდან გვიცავენ. გადაარჩინე ისინი, ვინც გადაარჩენს უკრაინას. ეს ჩვენი სამხედროები, ეროვნული მცველები, სასაზღვრო მცველები, ჩვენი ტერიტორიული დაცვა და დაზვერვაა. ისინი და ყველა სხვა სინათლის მებრძოლი.

დაეხმარე მათ, ვინც მათ ეხმარებიან. ესენი არიან მოხალისეები და ყველა ადამიანი, ვინც ზრუნავს, როგორც უკრაინაში, ასევე სამყაროს გარშემო. მიეცი ძალა მათ, ვინც მთელ საკუთარ ძალას გასცემს. დაე, ყველამ, ვინც ეძებს ყოველთვის იპოვოს. დაე, ყველამ ვინც გზაშია ყოველთვის დაძლიოს ის. და დაე, ყველამ ვინც ყველაფერს აკეთეს რათა უკრაინა გადაარჩინოს არასდროს დაკარგოს იმედი, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

გადაარჩინე მათი სიცოცხლე, ვინც სხვებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ესენი ჩვენი მედიკოსები, ჩვენი მეხანძრეები, მაშველები, მესანგრეები არიან. დაე, სიცოცხლის გამარჯვება მხოლოდ ამ დღესასწაულის სიმბოლო არ იყოს. დაე, სიცოცხლემ სიკვდილთან ბრძოლაში ყოველდღე გაიმარჯვოს.

იზრუნე ჩვენს დედებზე. მიეცი გამძლეობა მათ, ვინც ომიდან შვილების დაბრუნებას ელოდებიან. მიეცი ძალა მათ, ვინც, სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე შვილი დაკარგა. დაეხმარე მათ, ვინც შვილები იმ მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში დაკარგეს, რომლებსაც რუსეთმა სიკვდილი მოუტანა, რათა შეძლონ გაუსაძლის ტკივილთან გამკლავება.

და მიეცი მრავალწლიანი ჯანმრთელობა ყველა ჩვენს დედასა და ბებიას, რათა ნახონ საყვარელი ადამიანები, რათა ნახონ მშვიდობა და გამარჯვება, გამოცადონ სამართალი და ბედნიერი მოხუცობა, რის წართმევასაც ოკუპანტები ცდილობენ. და შვილიშვილებისთვის შარფებისა და ჯემპრების მოქსოვის ნაცვლად ისინი დღეს კამუფლაჟის ქსელებს ხლართავენ. მიეცი მათ მშვიდი ცხოვრების მრავალი წელი.

და ჩვენ მამებს და ბაბუებსაც, ვინც ოდესღაც შვილიშვილებს ომზე უყვებოდნენ და დღეს შვილიშვილებს ომში აგზავნიან. ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა ააშენეს ეს ქვეყანა. დღეს კი ისინი მის ნგრევას უყურებენ. დაე, მათ იხილონ როგორ გათავისუფლდება და აშენდება ჩვენი მიწა და მიეცი მათ ძალა, რომ ეს გააკეთონ.

იზრუნე ყველა ჩვენს ბავშვზე. ყველა ბიჭსა და გოგოს მიეცი ბედნიერი ახალგაზრდობა, ზრდასრულობა და ხანდაზმულობა, რაც მათ ოდნავ მაინც დაეხმარება ომის დროს გატარებული საშინელი ბავშვობის მოგონებების დავიწყებაში. არა ბავშვური, არამედ იმ საშიში თამაშების, რისი თამაშიც აიძულეს. დამალობანა, მაგრამ სარდაფებში, ბომბებისგან [დასამალად]. დაჭერობანა, მაგრამ ტყვიებისგან გასაქცევად. მოგზაურობა, მაგრამ სახლის დაკარგვის გამო, ომისგან გაქცევა.

გადაარჩინე ყველა უკრაინელი! მის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო - მაშინ, როცა ჩვენ ორივე, მარჯვენა და მარცხენა ლოყაში ბოროტულად გვირტყამენ. ზამთრის ბოლოს ჩვენთვის გაზაფხული არ დამდგარა. ჩვენს სახლებში საშინელმა სუსხმა დაისადგურა. განთიადისას ჩვენთვის ბნელი უკუნი დადგა.

გვჯერა, ღმერთო, რომ განკითხვის ჟამს არ დაივიწყებ მათ ყველას. ყველას, ვინც დაივიწყა შენი მცნებები.

შენ არ დაგავიწყდება ბუჩა, ირპინი, ბოროდიანკა, ჰოსტომელი. ვინც გადაურჩა სასტიკ დანაშაულებს, მოუვლინე მათ და მთელს ჩვენს მიწას ადამიანური ბედნიერება.

შენ არ დააგვიწყდება ჩერნიჰივი, მიკოლაივი, ხერსონი, სუმი, ხარკივი, იზიუმი, კრამატორსკი და ვოლნოვახა, პოპასნა და ყველა სხვა ქალაქი და სოფელი, რომელსაც საშინელი აფეთქებების ხმა ესმის. დაე, მათ და ყველა ჩვენგანმა გამარჯვების ფეიერვერკებს ვუსმინოთ.

შენ არ დაგავიწყდება მარიუპოლი და მისი გმირი მცველები. შეიძლება [მტერმა] კედლები გაანადგუროს, მაგრამ ის ვერ გატეხს იმ საფუძვლებს, რაზეც სულისკვეთება დგას. ჩვენი მებრძოლების სულისკვეთება. მთელი ქვეყნის სულისკვეთება.

ჩვენ ვხედავთ ომის საზარელ სცენებს. დაე, მშვიდობის ბედნიერი ხატი ვიხილოთ.

ჩვენ ძალიან რთულ განსაცდელს გავდივართ. მოგვეცი ძალა, მივიდეთ ამ გზის ბოლომდე - ბედნიერი ცხოვრებისა და უკრაინის აყვავების დასაწყისთან.

ჩვენი გულები სავსეა მძვინვარე ბრაზით. ჩვენი სულები სავსეა მძვინვარე სიძულვილით ოკუპანტების მიმართ და იმ ყველაფრისადმი, რაც მათ ჩაიდინეს. არ მისცე ბრაზს უფლება შიგნიდან გაგვანადგუროს. გარდაქმენი ის ჩვენს გარეგან მიღწევებად. გარდაქმენი ის სიკეთის ძალად, რათა დაამარცხოს ბოროტება.

დაგვიცავი კონფლიქტისა და დანაწევრებისგან, არ დაუშვა, რომ ერთიანობა დავკარგოთ.

გააძლიერე ნება ჩვენი და სული ჩვენი. არ დაუშვა, რომ თავები დავკარგოთ. არ დაუშვა, რომ თავისუფლებისადმი სწრაფვა დავკარგოთ. და ამრიგად, არ დაუშვა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ენთუზიაზმი დავკარგოთ.

არ მოგვცე გამარჯვების იმედისა და თავდაჯერებულობის და შესაბამისად, თავისუფლების და შესაბამისად უკრაინის და რწმენის დაკარგვის შესაძლებლობა.

ძვირფასო უკრაინელებო!

გასულ წელს პანდემიის გამო აღდგომა სახლებში აღვნიშნეთ. წელსაც, სხვა ვირუსის გამო უჩვეულოდ აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. იმ ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია.

ორივეს, გასული წლისა და ახლანდელ საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს - უკრაინის დამარცხება არაფერს შეუძლია.

დღევანდელი დიდი დღესასწაული გვაძლევს დიდ იმედსა და ურყევ რწმენას, რომ ნათელი დაძლევს ბნელს, სიკეთე დაძლევს ბოროტებას, სიცოცხლე დაძლევს სიკვდილს და შესაბამისად, უკრაინა ნამდვილად გაიმარჯვებს!

და აღდგომას ჩვენ ვთხოვთ ღმერთს დიდ ნებას, რომ ჩვენი ოცნება ახდეს - [ოცნება] დიად დღეზე - დღეზე, როცა უკრაინაში დიდი მშვიდობა და მასთან ერთად სამუდამო ჰარმონია და კეთილდღეობა დაისადგურებს.

ამის რწმენითა და თავდაჯერებით ყველა თქვენგანს გილოცავთ აღდგომას!

მიხედეთ თავებს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე. იზრუნეთ უკრაინაზე.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად.

 

close დახურვა