logo
ENG



"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება" - რურუას მხარდამჭერები გლდანის ციხესთან აქციას მართავენ

02 ნოე 202021:53
3 წუთის საკითხავი
 
4er3mewiwuowoln.jpg

გლდანის მე-8 დაწესებულებასთან გიორგი რურუას მხარდამჭერები და თანამოაზრეები არიან შეკრებილები, მათ ციხის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული და პატიმრების მხრიდან გიორგი რურუას მიმართ განხორციელებულ თავდასხმას აპროტესტებენ და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. 

"დღეს 8 წლის თავზე ქართული ოცნების ხელისუფლება, სამწუხაროდ, კვლავ აგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას სხვადასხვა სახით. მათ შორის, ამისთვის, სამწუხაროდ, იყენებენ პენიტენციურ სისტემას და დღეს გიორგი რურუას საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, ყველასთვის ცნობილია რატომაც დააკავეს გიორგი რურუა", - აცხადებს მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

დღეს გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები ფიზიკურად დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელა. 

ამჟამად მიმდინარეობს დაკითხვის პროცედურები და კანონით დადგენილი წესით დაარქივებულია მოცემული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავად პენიტეცნიურმა სამსახურმა დაადასტურა. 

ადვოკატი საძაგლიშვილი თავდასხმას ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებს და მას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.


close დახურვა