logo
ENG



"ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს" - პარტია ახალმა ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა

03 ივნ 202415:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/esk8w5rn8do67yp.jpg

პარტია ახალმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოაწერა.

მან ქარტიის მნიშვნელობასა და პროცესში პრეზიდენტის ჩართულობას გაუსვა ხაზი. მელიას თქმით, ეს დოკუმენტი ქართველი ხალხის და კონსტიტუციური ნების აღსრულებას გულისხმობს.

"მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი და მოიხადა, გადაჭარბების გარეშე, პატრიოტული ვალი და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, საიდან გამომდინარეც შედგა ეს დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის და კონსტიტუციური ნების აღსრულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ფორმატი პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებისთვის.

აქედან გამომდინარე, პარტია ახალის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე უკვე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ იქნება დემოკრატიული წესწყობილება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, რა თქმა უნდა ოლიგარქიული მმართველობა წარსულს ჩაბარდება და სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება", - თქვა მელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ქარტიას ხელი უკვე მოაწერეს პარტია ლელომ, გირჩი - მეთი თავისუფლება, დროა

***

ქართული ქარტია, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

 


close დახურვა