logo
ENG



"ეს ფოტო არათანაბარ პირობებში ამყოფებდა სხვა კონკურსანტებს" - სამთავრობო ცენტრის განმარტება

31 მაი 202300:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/sycsksg55pwkz1o.jpg

"ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული" - ასე განმარტავს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრი მარტის აქციების დროს ზურაბ ცერცვაძის მიერ გადაღებული ფოტოს კონკურსიდან ჩახსნას.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.

"ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის გამოცხადებული ფოტო კონკურსი - “მე ვხედავ ევროპას” - მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თემაზე მათ  მიერ განცდილი და ფოტო კამერით დანახული დამოკიდებულების ასახვას.  

მოხარული ვართ, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოყვარულმა ფოტოგრაფმა. 
ჟიურის მიერ შეირჩა 13 შესანიშნავი, აქამდე უცნობი ნამუშევარი, რომელთაგანაც საუკეთესოები უკვე ხმის მიცემის პრინციპით საზოგადოებას უნდა შეერჩია. 

ძალიან სამწუხაროა, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის. 

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აღნიშნული ფოტოგრაფის კონკრეტულად ეს ნამუშევარი ბოლო პერიოდში სარგებლობდა მაღალი ცნობადობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასა და წამყვან მედია გამოცემებში. მას მიღებული აქვს არა ერთი საპატიო ჯილდო და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ნამუშევარი სრულიად  არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული. სამწუხაროდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოყვა საკითხის სრულიად უსაფუძვლო პოლიტიზირება და სხვა მონაწილეების და მათი ნამუშევრების უმწვავესი ბულინგი, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას. 

თითოეულ მონაწილეს, რომელმაც მიიღო კონკურსში მონაწილეობა და უმიზეზოდ აღმოჩნდა უმწვავესი თავდასხმების სამიზნე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისათვის და მივულოცოთ სრულიად დამსახურებული წარმატება.

კონკურსის შედეგად წარმოჩენილი იქნა აქამდე უცნობი და ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანს - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ვამაყობთ, რომ ცენტრი წარმოადგენს ჰაბს, რომლის ფარგლებშიც სამთავრობო, არასამთავრობო, მედია და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მხარდამხარ მუშაობენ იმისათვის, რომ აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ და გაამყარონ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა აღნიშნული პროცესების მიმართ. წლის განმავლობაში ღონისძიებების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა ( 800-მდე ღონისძიება) განხორციელდა და მომავალშიც ცენტრის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის,  ვისაც სურს აღნიშნულ საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანა", - აღნიშნულია განცხადებაში.

***

ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძის ფოტოსურათი, ქალი ევროკავშირის დროშით, რომელმაც საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღება მიიპყრო, საქართველოშიო ფოტოკონკურსიდან კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილების გამო ჩახსნეს. ფოტოკონკურსს სახელწოდებით "მე ვხედავ ევროპას" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ატარებს.

ფოტოგრაფის თქმით, ცენტრმა ფოტოს დაწუნების მიზეზად კრიტერიუმებთან შეუსაბამობა დაასახელა, თუმცა მას მიაჩნია, რომ მიზეზი პოლიტიკურია ბრალდებას ცენტრი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

"პოლიტიკური კრიტერიუმებით ხდებოდა ამ კადრების არჩევა., არ შეიძლება, ხელოვნება და მხარე ერთმანეთში ავურიოთ. როდესაც მომწერეს მათ, სულ აზრად პირველად მომივიდა, რომ რაღაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდა ამ ყველაფერს", - ამბობს ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე.

***

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირია, ქართული ოცნების დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ცოლი. კობიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 78 პარლამენტარს შორის, ვინც რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა აქციები, სადაც ეს ცნობილი ფოტოა გადაღებული. მეუღლის კრიტიკის საპასუხოდ, მაშინ წულეისკირმა ფეისბუქზე მიმართა საზოგადოებას, რომ მეგობრებიდან წაეშალა ყველას, ვინც ლევან კობიაშვილი და სიტყვა მოღალატე ერთად ახსენა.

 

 

close დახურვა