logo
ENG



"ვგმობთ მოქალაქეებზე ძალადობის გამოყენებას" - 3 ევროპარლამენტარის განცხადება

29 ნოე 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/29/t78ulj93uh5sduy.jpg

ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც საქართველოს საკითხზე მუშაობენ და მომხსენებლები არიან, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ვრცელი განცხადებით ეხმაურება.

ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, ნილს უშაკოვი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებაში გმობენ მოქალაქეების მიმართ ძალადობის გამოყენებას და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული.

"ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადი საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო - 2022 წლის მარტში და რომ მას კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა. იმის ნაცვლად, რომ გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა და წინ წაიწიონ გაწევრიანების პროცესში, საქართველო მუდმივ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის", - წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე ჩატარებულ არჩევნებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჩატარებული არჩევნები დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.

"ვიმეორებთ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ პროევროპელი ქართველების უფლებებით, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გააპროტესტონ მთავრობის გეგმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.

ჩვენ ვგმობთ მათ მიმართ ძალადობის გამოყენებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული. ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და მათ სურვილს იცხოვრონ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას და პროდემოკრატიულ მოძრაობებს, დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა