logo
ENG



"ვითარება არაპროგნოზირებადია" - საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

11 მაი 202123:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/11/hm7st5o7jxy3t24.jpg

საქართველოს საელჩო ისრაელში, პალესტინელ სამხედროებთან მიმდინარე სამხედრო შეტაკებების ფონზე, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლი და თავდასხმების დროს, შევიდნენ დაცულ ოთახში. 

"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. 

ჰამასმა თელავივის ინტენსიურად დაბომბვა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, თვითმხილველების თქმით, საბრძოლო რაკეტებით ისლამისტური დაჯგუფება საცხოვრებელ შენობებსაც ესხმის თავს. 

"ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი", - აცხადებს საელჩო, - "მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები...მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ". 

ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა - 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.

სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. სადაო ქალაქსა და დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ მიმდინარე შეტაკებების შედეგად 700 პალესტინელი დაშავდა, 500 მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 


close დახურვა