logo
ENG



"თავისუფლება ნიკას" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში, ღარიბაშვილის გამოსვლის დროს

27 მაი 202216:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/v5vix82oggfunl4.jpg

"თავისუფლება ნიკას" - ამ წარწერით კრიტიკული მედიების წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გადმოფინეს. 

მათ მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პატიმრობა გააპროტესტეს. 

პარალელურად, ჟურნალისტების ნაწილი პარლამენტის შენობის შესასვლელთანაც შეიკრიბნენ. 

მათ ხელში ეკავათ ბანერები წარწერებით: 

"მადლობა, რომ გვირტყამთ", "მადლობა, რომ გვკლავთ", "მადლობა 5 ივლისისთვის" და სხვა. 

"მედიის თავისუფლების კუთხით ბოლო 1 წლის განმავლობაში ვითარება დრამატულად დამძიმებულია და ამის გააზრება იმ კონტექსტში, რომ ველოდებით ევროინტეგრაციას, არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ არის საკმარისი ის ფარისევლური განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებზე ისმის. ხელისუფლებამ საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ მედიის მარწუხებში მოქცევა არ არის მისი მთავარი მიზანი". - თქვა ელისო ჯარიაშვილმა. 

პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუშაობის სტილი დაუწუნა. 

"სინამდვილეში თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაში არის. სამწუხაროდ, მედიის ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი". - თქვა პაპუაშვილმა. 

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. 

მოსამართლემ გადააკვალიფიცირა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი და მთლიანობაში, დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 


close დახურვა