საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტის არშესრულება დასავლურ მომავალზე უარის თქმა არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი...წესიერად ილაპარაკეთ, გადაგდება რა არის... არანაირი რუსული სცენარი არ არის..." - თქვა ზალკალიანმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
ეროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და როგორც ცნობილია, მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 28 ივლისს ის საფრანგეთში საქათველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.