logo
ENG



"კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია" - კორუფციის აღქმის ინდექსი

31 იან 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს შემთხვევაში ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

"რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა", - აღნიშნავენ TI-ში.

იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66).

TI-ში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება..

"ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია "კლეპტოკრატიის" სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა, როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა შესაძლოა რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული", - აღნიშნულია ანგარიშში.

"კორუფციის აღქმის ინდექსი" მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, "გლობალ ინსაითის" ქვეყნების რისკის რეიტინგი, "ფრიდომ ჰაუსის" ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი "დემოკრატიის ვარიაციები" მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა.


close დახურვა