ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ლელოს "მარშალის გეგმის" - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ლელოს პროგრამა 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს, მათი გეგმის თანახმად 600 000 ადამიანს 3 000-ზე მეტი თვიური შემოსავალი უნდა ჰქონდეს.
- გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში
- არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე
- გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება
- სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით.
- მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან.
პარტიის პრეზენტაციაზე ასევე განიხილეს ლელოს მოდელი 3.2.1, რომელიც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის.
პრეზენტაციის მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ საქართველოში საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟის დაფუძნებაზეც ისაუბრა, რის შედეგადაც სახელმწიფო ლიცენზირებული კომპანიების აქციების 20%-ის განთავსება საფონდო ბირჟაზე სავალდებულო იქნება. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება მოხდება საფონდო ბირჟის მეშვეობით და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, გახდეს საწარმოების თანამფლობელი.