საპროტესტო ტალღის ფონზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს ესტუმრა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ღარიბაშვილის თქმით, ილია მეორეს ბევრ საკითხზე ესაუბრა და მისგან რჩევებიც მიიღო.
"შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს", - წერს პრემიერმინისტრი.
5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე პასუხისმგებლობას მოქალაქეთა ნაწილი ხელისუფლების გარდა, საპატრიარქოსაც აკისრებს. ჯერ კიდევ თბილისი პრაიდის კვირეულის დაწყებამდე სასულიერო პირები და სინოდის წევრები იმუქრებოდნენ, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარებულიყო. უშუალოდ მარშის დღეს კი ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისი ჩატარდა.
მიუხედავად 50-ზე მეტი დაშავებული მედიამუშაკისა და გარდაცვლილი ოპერატორისა, საპატრიარქო ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ სასულიერო პირების ქადაგებები და მოწოდებები წამახალისებელი არ ყოფილა იმ ასობით ადამიანისთვის, რომელიც ღმერთის სახელით თბილისის ქუჩებში დარბოდა და ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდა.
