logo
ENG



"მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლების თვალწინ" - როგორ განმარტავს ღარიბაშვილი ჩანაწერს

12 მარ 202112:58
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მასსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის ამსახველ ჩანაწერს 7 დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია, მედიასთან განმარტავს, თუ რა ტიპის საუბრებს მოიცავდა ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერი. 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი 11 წლის წინანდელია, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე გაკეთებული და ის "უამრავი საუბრის" "მდარე ფაბრიკაციაა". 

რაც შეეხება საუბრის სავარაუდო დანაშაულებრივ შინაარსს, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ჩანაწერების მიხედვით ანგარიშსწორების შემსრულებელია, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ვინაიდან ბერა ივანიშვილის მიმართ ლიკვიდაციის და სხვა სახის ჯგუფური მუქარები არსებობდა. 

ჩანაწერებისგან განსხვავებით, სადაც ღარიბაშვილი და ბერა სკოლის მოსწავლის ძალადობრივ ჩაგვრასა და საჯარო დამცირებას ათანხმებენ, პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ჩუბინიძე ადრესატს მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ "გაესაუბრა", რათა მუქარის რისკები "გამოეკვლია".  

"მოხდა უბრალოდ გასაუბრება მეზობლების და ოჯახის წევრების თვალწინ. იმიტომ, რომ მაშინ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომელიც ემუქრებოდა ლიკვიდაციით ბერა ივანიშვილს. იყო არაერთი მუქარა და ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი მუქარები.

აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება ჩუბინიძის, როგორც იმ დროს ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, რომ გამოეკვლია, მათ შორის, პოლიციის ჩართულობით, ვინაიდან დაცვის პოლიცია ემსახურებოდა მაშინ ბატონ ივანიშვილს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ნათელი", - ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განმარტება ვერ ხსნის ჩაგვრის ადრესატის მიმართ ჩანაწერებში გამოყენებულ შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ანგარიშსწორებაზე საუბარს და მისგან საჯარო ბოდიშის მოთხოვნას, ისევე როგორც, ჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ არაერთგზის გადამოწმებას, საკმარისად დაამცირეს თუ არა და გაუსწორდნენ თუ არა ფიზიკურად მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეს.  

მიუხედავად ამისა, ჩანაწერის სავარაუდო დანაშაულებრივ შინაარსთან დაკავშირებით ღარიბაშვილი თანაგუნდელების გზავნილს იმეორებს და ამბობს, რომ ჩანაწერში აღწერილი ქმედებების შედეგად დაზარალებული არ არსებობს. 

"დანაშაული არ მომხდარა ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული", - ამბობს ღარიბაშვილი და მიიჩნევს, რომ დაზარალებული ამ საქმეში სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო თავად არის, - "დაზარალებულები ვართ ჩვენ, მე პირადად". 

რაც შეეხება ჩანაწერში მინისტრებთან სისტემატურ კომუნიკაციაზე მინიშნებას, რასაც მრავალი მიმომხილველი იმის დასტურად მიიჩნევდა, რომ ჩანაწერი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაკეთებული, ღარიბაშვილი განმარტავს, რომ საუბრების დროისთვის იგი ფონდ ქართუს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის გამოც, ხშირად უწევდა სახელმწიფო მინისტრებთან ურთიერთობა და მათთან საქმიანი კომუნიკაცია. 

"ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან", - ამბობს ღარიბაშვილი და იმ სახელმწიფო მინისტრებს იხსენებს, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა უწევდა. 

ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერი ტვ პირველმა 6 მარტს გაავრცელა. ჩანაწერების დეტალური შინაარსი იხილეთ აქ

 


close დახურვა