ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება მოქალაქეებს ატყუებს.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი - "ოცნება აღარიბებს", "მატყუარა მთავრობა" "ხელისუფლება დაგვცინის".
"2012 წლიდან ქართულმა ოცნებამ გეგმად დაისახა, რომ თავისი ბეცი პოლიტიკით ქართველი ხალხი გაეღარიბებინათ. ამ სოციალურმა კატასტროფამ გამოიწვია ის, რომ ყოველი მეორე ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. ის სტატისტიკური მონაცემი, რომ ჩვენ ვართ ბანგლადეშსა და სომალთან ერთად ათეულში იმ ქვეყნებს შორის, ვინც ევროკავშირში თავშესაფარს ეძებს, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა კატასტროფაში ვცხოვრობთ",- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე.