ვენეციის ბიენალეზე მიწვეულმა ქართველმა ხელოვანებმა რუსეთის პავილიონს რუსულად სიტყვა "ბავშვები" დააწერეს. ინსტალაცია BIIMO-სა და ლევან ამაშუკელის კოლაბორაციით განთავსდა.
არტისტები ამბობენ, რომ ეს არის შეხსენება უკრაინაში ბავშვების მასობრივი და სასტიკი მკვლელობებზე.
"ყველა ხელსაწყო და საშუალება უნდა გამოვიყენოთ ინფორმაციის გავრცელებისთვის: რუსეთი არის ოკუპანტი და კლავს ბავშვებს!" - წერენ ინიციატორები ფეისბუქზე.
"ჩვენ გადავწყვიტეთ,რომ ჩვენი პროტესტი ციფრულად გამოგვეხატა. მგონი, სწორი მესიჯია იმიტომ, რომ რაც დრო გადის, ვეჩვევით, რომ ომი ჩვეულებრივი მოვლენა ხდება და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მტერსაც ეს უნდა, რომ ამას შეგვაჩვიოს"- ამბობს კურატორი ლევან გულიაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა 361 ბავშვი მოკლეს, დაშავდა - 711.