logo
ENG



"საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია"- პრეზიდენტის მიმართვა კონფერენციის მონაწილეებს

02 სექ 202421:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/hbr7iw1qvq2s0s2.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართული ოცნების საგარეო კურსის ცვლილებაზე და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ორბელიანების სასახლეში მაშინ, როდესაც თქვენი კონფერენცია უკვე მერვედ ტარდება თბილისში. ყოველ ჯერზე, თქვენ თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდიხართ. ნამდვილად, ყოველ ჯერზე ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ამ ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ წელს ძალიან განსაკუთრებული პერიოდია. არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის ეგზისტენციალური მომენტია. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბოლო პერიოდში გვქონია ისეთი გადამწყვეტი მომენტები, როგორიც 26 ოქტომბერს გვექნება.

საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია. „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება. ეს არასდროს ყოფილა ოცნება. ეს იყო მიზანი, ეს იყო ამბიცია, ეს იყო მისწრაფება, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, (30 წელზე მეტი ხნის წინ) არამედ საუკუნეების მანძილზე საქართველო ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა და თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა. ის ყოველთვის დასავლეთს უყურებდა, რადგან ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა"- თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ისაუბრა დასავლელი პარტნიორების ჩართულობასა და დახმარებაზე საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ ახლა გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა.

"როცა მკითხავთ - "რა შეგვიძლია გავაკეთოთ", თქვენ ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო იქ მისულიყო, სადაც არის და ბევრი გააკეთეთ მენტალიტეტის შესაქმნელად და მხარდასაჭერად, რადგან ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად ქართული მენტალიტეტია იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და არ მიიღოს ავტორიტარული რაიმე ფორმა იქნება ეს შიდა თუ გარედან მომდინარე. თქვენ მხარს გვიჭერდით ინსტიტუტების მხარდაჭერით, სახელმწიფოს განვითარების მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით, ევროპასა და ამერიკაში თავისუფლად სწავლის შესაძლებლობით, თქვენ დაგვეხმარეთ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უდიდესი ნების მხარდაჭერასა და კონსოლიდაციაში. ასე რომ, მე ვენდობი ქართველ ხალხს, ვენდობი რას იტყვის ის არჩევნებში ხმის მიცემით. ასე რომ, ამ საკითხში თქვენი საჭიროება არ დგას. თქვენ უნდა აკონტროლოთ; თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით და წარმომადგენლობითად, როგორც დღეს ხართ. მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენზეა. არჩევნების მეორე დღეს, თქვენ მე მიპოვით, რადგან მოგეხსენებათ, მე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან ვიმუშავე, რათა ყველა პროევროპული პარტია ქართული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რომელიც რეალურად ჩვენი გზაა ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაციის დასაკმაყოფილებლად და მოლაპარაკებების გასაახლებლად, გასახსნელად, როგორც ეს იყო ჩვენი პარტნიორების, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში"- თქვა პრეზიდენტმა.

 


close დახურვა