logo
ENG



"სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი" - ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე

30 ივნ 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
"სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი" - ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე "სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი", თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ გაასაჯაროებს.

პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა წელს დაიწყება.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან უკვე გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

2022 წლის 12 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება. მისივე თქმით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

***

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. ნოემბერში ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.


close დახურვა