logo
ENG



"სირცხვილიას" აქტივისტის თქმით, დაკავებულების ნაწილი თელავშია, ნაწილი კი - გურჯაანში

03 ივნ 202302:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/99lkduf1sbrbop8.jpg

მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტი მარიამ დოლიძე წერს, რომ დაკავებულების ნაწილი თბილისიდან თელავში, ზოგიერთი კი გურჯაანში გადაიყვანეს. მისივე თქმით, სირცხვილიას ადვოკატი თელავში მიემგზავრება.

"ნოდარ სიხარულიძე და ფრანგიშვილი არიან გურჯაანში. ნიკა რომანაძე, ედო მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი - თელავში. სანამ თბილისში იყვნენ, არც ერთი იურისტი არ შეუშვეს დაკავებულებთან", - წერს დოლიძე ფეისბუქზე.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია 8 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა. 

ამის შემდეგ პარლამენტთან უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მისვლა. 


close დახურვა