logo
ENG



"შანსის გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ" - პრეზიდენტის სიტყვა სრულად

26 მაი 202213:09
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა. 

გამოსვლის ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.

26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.

26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში - და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება - ერთიანობას.

ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:

  1.  სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.

  2.  ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.

  3.  ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.

  4.  და ბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, კარავის და დარბაზის სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.

ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.

დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!

ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს.

დღეს 26 მაისს ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!

მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: "საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ".

ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.

მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი "ევროპელები ვართ"! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: "ვემსახურები საქართველოს!"

გაუმარჯოს საქართველოს". 


close დახურვა