ფრანგული მედიის ცნობით, "შარლი ებდოს" ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელს სახლის დატოვება მოუწია მას შემდეგ, რაც მისმა დაცვის სამსახურმა დეტალური მუქარის წერილები მიიღო.
მარიკა ბრეტი ყვება, რომ მისმა დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც მის უსაფრთხოებას უკვე 5 წელია იცავენ, მუქარის შემცველი წერილები 14 სექტემბერს მიიღეს.
ბრეტი მომხდარს "შარლი ებდოს მისამართით მოზღვავებულ სიძულვილის ტალღას" უკავშირებს.
ჟურნალის გარეკანზე გამოტანილი მუჰამედის კარიკატურების გამო, 2015 წლის იანვარში გამოცემაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც ჟურნალის 12 თანამშრომელი დაიღუპა.
2015 წლის თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში ჯიჰადისტთა თავდასხმები მოხშირდა.
"სულ 10 წუთი მქონდა, რომ ყველაფერი მომეგვარებინა და სახლი დამეტოვებინა, 10 წუთი, რათა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უკან მომეტოვებინა. სახლში აღარ დავბრუნდები", - ამბობს ბრეტი ჟურნალ "Le Point"-თან საუბრისას.
ბრეტი ამბობს, რომ მუქარები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ჟურნალმა გამოცემაზე ტერორორისტულ თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის ბრალდებული პირების სასამართლო პროცესის პარალელურად, მუჰამედის ცნობილი კარიკატურები ხელახლა დაბეჭდა.
"სასამართლო პროცესის დაწყების დღიდან უამრავი თავზარდამცემი გზავნილი მივიღეთ, ალ-ქაიდას მუქარებით დაწყებული, 2015 წლის ტერორისტული თავდასხმის "ბოლომდე მიყვანის" მოწოდებებით დასრულებული", - ამბობს ბრეტი.