logo
ENG



"შშმ პირს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ" - ტრეფიკინგის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

16 სექ 202311:25
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტრეფიკინგის ბრალდებით 4 ადამიანი, მათ შორის საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს.

"აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების "სამუშაო" ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს - დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა