BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში რამდენიმე რუსი ჯარისკაცი პირველად საჯაროდ ყვება იმ სისასტიკეზე, რომელიც მათი თქმით, რუსეთის არმიის შიგნით ხდება. მათი მონათხრობები მოიცავს თანამებრძოლების ადგილზე დახვრეტას, წამებას, დამცირებას და თვითმკვლელობებამდე მიყვანას.
35 წლის ილია, რომელიც ადრე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასწავლიდა, ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლა მეთაურმა ოთხ ჯარისკაცს ახლო მანძილიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფრონტის ხაზზე დაბრუნებაზე უარს ამბობდნენ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვერპლი ბოლო წამამდე ევედრებოდა მეთაურს: „არ ისროლო, ყველაფერს გავაკეთებ!“
მაგრამ მან მაინც ესროლა. ილია ამბობს, რომ მსგავსი „ეგზეკუციები“ გამოიყენებოდა როგორც სასჯელი და სხვების დასაშინებელი მეთოდი.
„შენი ბედი მთლიანად მეთაურზე იყო დამოკიდებული. რადიოთი გასცემდნენ ბრძანებებს: "ეს გაანულეთ, ის გაანულეთ". "განულება" ნიშნავს საკუთარი ჯარისკაცის დახვრეტას,“ — ყვება ის.
კიდევ ერთი ჯარისკაცი, დიმა, ამბობს, რომ პირადად ნახა, როგორ დახვრიტა მეთაურმა რამდენიმე ადამიანი:
„ეს მოხდა ორ-სამ მეტრში. ეს ფილმი არ არის, ეს რეალობაა.“
მისივე თქმით, ერთხელ ნახა 20 ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც წინა ღამით მიიყვანეს ბაზაზე, ხოლო მეორე დღეს დახვრიტეს.
„მათ საბანკო ბარათები წაართვეს და მოკლეს. ამის დაფარვა მარტივია - უბრალოდ ანგარიშს აყალბებენ,“ - ამბობს ის.
ჯარისკაცები აღწერენ „ხორცის შტორმებს“ - შეტევებს, სადაც ადამიანებს ტალღებად აგზავნიან თითქმის გარდაუვალ სიკვდილზე.
„ჯერ სამ კაცს აგზავნიან. მერე კიდევ სამს. მერე ათს. მერე ორმოცდაათს. ბოლოს მაინც ვიღაც მიაღწევს მიზანს - ესაა მათი ლოგიკა,“ - ამბობს დიმა.
მისი თქმით, ერთ შეტევაში მისი პოლკი პრაქტიკულად განადგურდა:
„სამ დღეში 200 კაცი დავკარგეთ. ჩვენი პოლკი უბრალოდ გაქრა.“
ჯარისკაცები ამბობენ, რომ ისინი, ვინც შეტევაში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ, სასტიკად ისჯებოდნენ:
- სცემდნენ და ხეებზე აბამდნენ;
- ელექტროშოკით აწამებდნენ;
- რამდენიმე დღე აშიმშილებდნენ;
- ზოგიერთს ორმოებში ყრიდნენ და ცხოველებივით კვებავდნენ;
- მეთაურები მათზე საჯაროდ შარდავდნენ, რათა დაემცირებინათ.
ილია იხსენებს, რომ თავადაც ხეზე მიაბეს, სცემეს და თავზე იარაღი მიადეს:
„მეთაურმა სხვებს უთხრა — "ახალი ტუალეტი გვყავს". ნახევარი დღე ასე ვიყავი მიბმული.“
დიმა ამბობს, რომ სამხედრო პოლიციამ მისი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო 72 დღის განმავლობაში ყოველდღიურად აწამა ელექტროშოკით.
ყველა მათგანი ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა დღემდე თან სდევს.
„სიზმრებში ვხედავ ტყეს, რომელიც სავსეა დამახინჯებული სხეულებით,“ — ამბობს დიმა.
რუსეთის ოფიციალური პოზიცია
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს მსგავს ბრალდებებს და აცხადებს, რომ არმია მოქმედებს „მაქსიმალური სიფრთხილით“ და ნებისმიერი დარღვევა გამოძებულია.
