პრორუსული, პროპუტინური, ძალადობრივი ორგანიზაციის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა მორგოშია თბილისის პრაიდის მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით იმუქრება და ამბობს, რომ ამას "არ დაუშვებენ".
"დააანონსეს 28 ივნისი - 2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება. აქ არის ორი ღონისძიება, ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს. მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- ამბობს მორგოშია.
თბილისი პრაიდის განცხადებით, წელს პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე იქნება, თუმცა ღირსების მარში არ გაიმართება.
ორგანიზაციის განცხადებით, კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:
- ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება. კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.
- რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.
- გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.
გასულ წელს ღირსების მარში 5 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მანამდე რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.