logo
ENG



"ჩვენ ვერ ავიტანთ თავისუფლებაზე უტიფარ თავდასხმას" - Anonymous-ი ქართულ ოცნებას აფრთხილებს

24 აგვ 202419:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/7hwjrc671rps3t6.jpg

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

Anonymous-ი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება და ამბობს, რომ ხელისუფლების ავტორიტარულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებს.

"თქვენ ერთხელ უკვე გამოცადეთ ჩვენი სიმტკიცე, როცა ჩვენ დავიწყეთ კიბერთავდასხმები თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ - ეს იყო პასუხი რუსული კანონის საპროტესტო აქციების დაუნდობლად ჩახშობაზე. მაშინ უნდა გაგეგოთ, რომ ხალხის გაჩუმების თქვენი მცდელობები უპასუხოდ არ დარჩებოდა. ახლა თქვენი გეგმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალოთ, ხელში აბსოლუტური ძალაუფლების ჩაგდებას ცდილობთ - ეს არის აქტი, რომელიც ბელარუსის და ჩრდილოეთ კორეის ყველაზე ბნელი რეჟიმების მსგავსია.

თქვენი ქმედებები რეპრესიული ტაქტიკის ანარეკლია, რომელსაც ვენესუელაში ვხედავთ, სადაც მადუროს რეჟიმი სისტემატურად შლის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა კონტროლი შეინარჩუნოს. საქართველოს დემოკრატია ძაფზე კიდია, თქვენ კი დანა გიჭირავთ ხელში.

მაგრამ იცოდეთ: ჩვენ ვერ ავიტანთ თავისუფლებაზე ამ უტიფარ თავდასხმას. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ ავტორიტარულ პროგრამას, გამოიწვევთ ქარიშხალს, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. ჩვენ ზუსტად იმ სისტემებს ჩამოვშლით, რომლებზეც თქვენ იმედებს ამყარებთ, რათა თქვენი ხალხი დაჩაგროთ. შესაძლოა გგონიათ, რომ დაუსჯელად მოქმედება შეგიძლიათ, მაგრამ გიყურებთ და მზად ვართ. გადაკვეთეთ ეს ხაზი და თქვენ პასუხს მიიღებთ...ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ. დაგველოდეთ", - წერს ჰაკერული დაჯგუფება.

***

Anonymous-მა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს 7 მაისსაც მიმართა - ჰაკერული დაჯგუფება მაშინ ამბობდა, რომ თუ ქართული ოცნება მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს, დაჯგუფება სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს.

რამდენიმე თვის წინ, Anonymous-მა კიბერშეტევა რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე განახორციელა. მათი თქმით, ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა.

ჰაკერული დაჯგუფების განცხადებით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას.


close დახურვა