ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.
"ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას მაღალ დონეზე და კიდევ უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხებს", - თქვა სი ძინპინმა.
ვიზიტის შესახებ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები "ისტორიულ პიკზეა".
ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც მან გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართა მოლაპარაკებები.
შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც ბელარუსსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისი აზრით, პუტინი ცდილობს, ლუკაშენკო დაარწმუნოს, კიდევ უფრო გააძლიეროს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომში.
