სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ის სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, იგორ მოროზოვს ესაუბრება. იგორ მოროზოვი ფსბ-ს პოლკოვნიკი იყო და მას კგბ-ს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.
აუდიოჩანაწერში იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს გარკვეულ ბიზნეს ინტერესებზე და "ფულის შოვნაზე" ესაუბრება. კერძოდ, რუსი მაღალჩინოსანი ინტერესდება, გაიყიდება თუ არა საქართველოში თხევადი გაზი. აუდიოჩანაწერი დაახლოებით 5-წუთიანია.
"ვაიბერში მოგწერ...იმიტომ რომ ცოტა ბიზნესით უნდა დავკავდეთ. თქვენ მანდ როგორ ხართ, გაზი? პროპანი? ბუტანი? თხევადი გაზი? ... ჩემი მეგობრები მთავაზობენ კარგ მოცულობებს მუდმივად. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეს ძალიან კარგად წავიდოდა, ამიტომ შენ თავზე თუ აიღებ ამ თემას", - მიმართავს იგორ მოროზოვი ბრეგაძეს.
ბრეგაძე ამ წინადადებას თანხმდება და ამბობს, რომ საკითხზე მუშაობას აღდგომის შემდეგ დაიწყებს. რუსი ჩინოსნის თქმით, ის დააკავშირებს ბრეგაძეს ბიზნესმენთან, რომელიც 20 წელია ამ საქმეშია ჩართული.
"ბიზნესმენთან გაივლი კონსულტაციას. შენ დაგეყრდნობა. მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი მხოლოდ შენ შეიძლება იყო", - ამბობს მოროზოვი.
აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ფორმულა სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა. ჩვენთა საუბარში ბრეგაძე ამბობს, რომ მოროზოვი მისი და მისი ოჯახის დიდი ხნის მეგობარია, რომელთანაც ხშირად სხვადასხვა თემაზე საუბრობს.
"რატომ დუმს ჩვენი სამსახურები იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ხნის წინ 'რუხი მგლების' წევრები იყვნენ საქართველოში ჩამოსულები და მათი სამიზნე ვიყავი მე? ამაზე რატომ არაფერს ამბობენ?! როცა მაფრთხილებენ რომ ერთი და იგივე ადგილას საჭმელი არ ვჭამო და მარტომ არ ვიარო, მაშინ რატომ არ იძახიან არაფერს?!
ახლა რაც შეეხება მოროზოვს - ეს პიროვნება არის ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარი. ათწლეულებია ახლობლური ურთიერთობა გვაქვს. ამ ადამიანთან ბევრ საკითხზე მისაუბრია ბევრჯერ, ხან პოლიტიკაზე, ხან სპორტზე, ადამიანმა წმინდა მეგობრულად მთხოვა, გაზი გაიყიდება თუ არა საქართველოში", - ამბობს სანდრო ბრეგაძე.
გარდა ამისა, ბრეგაძის თქმით, მას "დამონტაჟებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ".
ბრეგაძე ფიქრობს, რომ ხსენებული კადრები შეიძლება "უახლოეს დღეებში გავრცელდეს" და ამბობს, რომ მას საპასუხო ვიდეოჩანაწერი აქვს, რომელსაც გაასაჯაროებს.