logo
ENG



აბესაძე ხიზანიშვილის ქუჩაზე: ეს არის მერიის მხრიდან არაპროფესიონალიზმი და ბიუჯეტის მოპარვა

26 აგვ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევას მერიის არაპროფესიონალიზმსა და ბიუჯეტის მფლანგველობას უკავშირებს.

როგორც აბესაძე აცხადებს, შეუძლებელია მერიამ გზის დაგებაზე 13 მილიონი ლარი დახარჯოს და პირველივე წვიმაზე გზის საფარი ჩავარდეს.

აბესაძის თქმით, ეს მერიის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მცდელობაა, რადგან გზის გასწორებას კიდევ რამდენიმე ათასი ლარი დასჭირდება.

"შეუძლებელია 13 მილიონი ლარი დახარჯო, კაპიტალური რეკონსტრუქცია მოახდინო გზის და პირველივე წვიმაზე გზის საფარი მთლიანად ჩავარდეს. არ ჰქონდეს დაგეგმილი პროფესიულ დონეზე და განხორციელებული სანიაღვრე ქსელების მოწყობა და შემდგომ ბავშვურად თავს იმართლებდე, თითქოს რაღაც განუსაზღვრელი ოდენობის ნალექი მოვიდა, კარგად ვიცით, რომ სხვა ძველი გაკეთებული გზებიც არ ჩავარდნილა. სწორედ იქ ჩავარდა, სადაც მერიამ ახლახანს დაამთავრა რეკონსტრუქცია.

ეს არის მათი მხრიდან მფლანგველობა, ბიუჯეტის ფულის მოპარვა, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალიზმი და ამას კიდევ დასჭირდება რამდენიმე ასეული ათასი რომ გამოსწორდეს", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული გზის ნაწილი ჩავარდა. შემთხვევა 25 აგვისტოს ღამით მოხდა, მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ გზას პრობლემა უხვმა ნალექმა შეუქმნა.  


close დახურვა