logo
ENG



აბიტურიენტებმა, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო გამოცდა არ გადაუდეს, NAEC-ს უჩივლეს 

15 ივლ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
dwn4pk0is3u0ebs.jpg

​„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

როგორც TDI-ის განცხადებაშია ნათქვამი, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს დღეს ჩაეტარებინა ინგლისური ენის გამოცდა.

აბიტურიენტებმა 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს. რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.

"ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც," - აღნიშნავს ორგანიზაცია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრმა აბიტურიენტებს უარი იმ მოტივით უთხრა, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია.

TDI-ს განცხადების თანახმად, განათლების მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს - 17, 18 და 19 ივლისს. თარიღი კი როდესაც აბიტურიენტებს აღნიშნული გამოცდა უნდა ჩაებარებინათ 27 ივნისს გახდა ცნობილი, შესაბამისად გამოცდის გადატანა შესაძლებელი იყო.

„როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული“,-ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.

TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ცენტრს დაევალოს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარონ  17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.


close დახურვა