ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა მათი საწერი კალამი უნდა იქონიონ თან - ამის შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა განმარტა, ნივთების გაზიარება რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ყველა აბიტურიენტმა საკუთარი კალამი უნდა მიიტანოს საგამოცდო ცენტრში.
„ყველა გამომცდელმა, პერსონალმა უნდა იხმაროს ნიღაბი. აბიტურიენტს შეუძლია თავისი ნიღბით მოვიდეს, ეს არ არის პრობლემა. თუ ვინმე მოვიდა უნიღბოდ, იქაც დაახვედრებენ. რომელი ნიღაბიც მოსწონთ, ის მოიტანონ. გადაწყდა, რომ საწერი კალამიც თავისი უნდა მოიტანონ, რომ მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და ნივთების გაზიარება არ მოხდეს - კალამსაც დაახვედრებენ, თუ ვინმე მოვა უკალმოდ, მაგრამ სჯობს მოიტანონ თავისი კალამი. შეზღუდული იქნება სხვა ნივთების შეტანა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გასტანს. რაც შეეხება საგრანტო გამოცდებს - ის 25 ივლისს ჩატარდება, სამაგისტრო ეროვნული გამოცდები კი პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.