logo
ENG



ადვოკატი: ილიჩოვამ თქვა, ყოველ წამს მგონია, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდისო

12 ოქტ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 
oxkg8u5g0ai0uz6.jpg

კარტოგრაფების საქმეზე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე არ დარჩეს მისთვის "ლაფის შესხმად". ფორმულასთან ინტერვიუში იგი ციხეში ბრალდებულთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

"საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მითუმეტეს, ისეთი პატრიოტი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან, ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი, ეს დანაშაული, სამშობლოს ღალატი, სიკვდილის ტოლფაია.

ქალბატონ ნატალიას ერთ სიტყვებს მოვიყვან ამის დასტურად, მან თქვა: ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო რომ მე აქ ვარ და დავტოვებ ამ დაწესებულებასო. მან ეს ისეთი გრძნობით თქვა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დანაშაული არ დარჩეს ასე, მისთვის ლაფის შესხმად", - ამბობს ადვოკატი.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.

დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები".

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.

 


close დახურვა