მთაწმინდის ფერდობიდან, ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი ამოასვენეს. ის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა სახის დაზიანებები აქვს ქალს და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქეს 30 ივნისიდან ეძებდნენ. დღეს ის მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შსს-ს თანამშრომლები, კინოლოგები, მაშველები და მოხალისეები. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.