ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 23 ერთეული ავტომანქანის სარეგისტრაციო ყალბი ე.წ. ფასიანი სანომრე ნიშანი",- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.