logo
ENG



ალბათ, ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ - უმრავლესობა კოფის იდეას არ განიხილავს

25 ოქტ 201920:31
3 წუთის საკითხავი
 
52to1s6nmjm51s9.jpg

უმრავლესობამ ლუკ კოფი ქართველ კოლეგებთან, ექსპერტებთან გადაამისამართა. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს საჯარო განხილვის საგანი. მათი თქმით, ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაო ვიზიტების დროს მსგავს თემაზე საუბარი არ ყოფილა. 

„ეს არის ექსპერტის მოსაზრება და ალბათ, ქართველმა ექსპერტებმა უნდა უპასუხონ ამ მოსაზრებას ჩვენ ხელისუფლებას გვაქვს მუდმივი კავშირი და სამუშაო კომუნიკაცია ამერიკის მთავრობასთან, ამერიკის კონგრესთან და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების განხილვა ხდება იმ ფორმატებში. ასეთი წინადადება არ ყოფილა დასმული სამუშაო ფორმატებში,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლუკ კოფის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკელი ექსპერტებიც და ვაშინგტონიც საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად. მათ იმედი არ აქვთ, რომ ხელისუფლება ამ ინიციატივას გამოიყენებს.

„ამგვარი თემები თუ წამოიჭრება ოფიციალურად, ჩვენმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს ეს თემა და გადაწყვიტოს სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გააღრმაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სამხედრო პარტნიორობა. მე არ მაქვს ამ ხელისუფლებისგან მოლოდინი, რომ გაბედულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ მიმართულებით. მათ ქართულ საზოგადოებას აარჩევინეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, რომლის განცხადებასაც გაგახსენებთ - რა უნდა ამერიკის წვრთნებს საქართველოში,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„დემოკრატიული მოძროაბის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი იმედოვნებს, რომ ლუკ კოფის ეს ინიციატივა არასდროს განხორციელდება. მისი თქმით, ამ ნაბიჯს შესაძლოა ახალი კონფლიქტის კერების წარმოქმნა მოყვეს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი, ​ანალიტიკოსი ლუკ კოფი გამოვიდა ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაგზავნონ. მისი განცხადებით, საქართველო დღეს ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.


close დახურვა