logo
ENG



ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

01 დეკ 202514:24
3 წუთის საკითხავი
 

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ტერორისტული აქტის მომზადებისა და მცდელობის ბრალი ედება, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს: პროკურატურა მაქსიმალურად მკაცრი ზომის - პატიმრობის - გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ასაბუთებდა. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი შაბათს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.


close დახურვა